• ცენტრის ისტორია

      • ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი 2008-2009 სასწავლო წელს დაარსდა, როგორც ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ფილიალი. 2009 წელს შემუშავებული წესდების თანახმად ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიოდა გიმნაზია, საბავშვო ბაღი და საერთაშორისო საზაფხულო ახალგაზრდული  ბანაკი „სამშობლო“.

        ადგილს კი, სადაც ჩვენი ცენტრი მდებარეობს დიდი ისტორია აქვს . გადმოცემის თანახმად, მეფის რუსეთის დროს შავ ზღვაში გემი იძირებოდა, შეშინებულმა მეზღვაურებმა მფარველობა წმ. ნიკოლოზს სთხოვეს, რომელიც ცნობილია, როგორც მეზღვაურთა შემწე და მფარველი. გემი დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო იმ ადგილას, სადაც გემი გამოირიყა, მადლიერების ნიშნად ააგეს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც გადმოცემის მიხედვით დაბურული იყო ლითონის სახურავით, იგი ღამით მთვარის შუქს ირეკლავდა და გემებისთვის შუქურის ფუნქციასაც ასრულებდა.

        ეს ტაძარი იყო მანათობელი და იმედის მიმცემი აბობოქრებულ ზღვაში მყოფი მეზღვაურებისთვის, ხოლო სიმბოლურად კი ადამიანთა მეგზური სამოთხისკენ სავალ გზაზე. დღეს ჩვენი ცენტრის ეზოში მხოლოდ წმ. ნიკოლოზის ტაძრის საძირკველია შემორჩენილი, ხოლო უფლის მიერ კურთხეულ ამ მიწაზე 2006 წელს აშენდა წმ. კირიონის სახელობის ტაძარი.

        საწყის ეტაპზე ცენტრში გაიხსნა დაწყებითი საფეხური: მათ შორის ორი პირველი კლასი, დანარჩენი თითო-თითო. დღეისთვის დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ცენტრში ფუნქციონირებს 21 კლასი. 2008-2009 სასწავლო წელს ცენტრის დირექტორი იყო დეკანოზი სერგი რუხაძე, 2009-2016 წელს დეკანოზი კირიონ ფერაძე, ხოლო 2017 სასწავლო წლიდან  დღემდე დეკანოზი გაბრიელ ჟღენტი ხელმძღვანელობს.

        2012 წელს ცენტრის მთავარ კორპუსზე მიშენებული იქნა ახალი კორპუსი. ამჟამად ცენტრის საერთო ფართი შეადგენს 3378,6 კვ.მ-ია.

        დაარსების დღიდან ცენტრში ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ცენტრის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური მსვლელობა  „ალილოზე“. ცენტრის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და აღწევენ წარმატებებს სასკოლო და სარაიონო საგნობრივ ოლიმპიადებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში. ყოველწლიურად  ჩვენი ცენტრი მონაწილეობს კონკურსში  „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. ამავდროულად ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული გუნდი  „ელესა“ და ცენტრის მგალობელთა გუნდი გახდა არაერთი კონკურსის ლაურეატი. დაჯილდოებული არიან შესაბამისი დიპლომებითა და მედლით.

        მშობელთა და მოსწავლეთა აზრი ცენტრის მუშაობის ხარისხისა განმსაზღვრელი კრიტერიუმია. ცენტრს აქვს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ყველა საჭირო რესურსი, ამიტომ იგი ცდილობს შექმნას ისეთი დინამიური გარემო, რომელშიც  მოსწავლეები ცოდნას შეიძენენ და სამყაროში დღეს არსებული გამოწვევებისთვის მოემზადებიან. მთავარი პრიორიტეტი კი ისაა, რომ ცენტრი, არამარტო ბავშვის განათლებაზე, არამედ მათ სულიერ განვითარებაზეც ზრუნავს.